logo
ENG



ნაცემი აქტივისტი: ბატონო მერო, კითხვა მინდა დაგისვათ-მეთქი და ეგრევე მწვდა მაისურზე

06 ივნ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მერს ძალადობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ვარკეთილში მომხდარ დაპირისპირებას. აქტივისტების მტკიცებით, კახა კალაძემ ანას ბაღის ერთ-ერთ დამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, მას მერთან შეკითხვის დასმა ახალგახსნილ ბაღთან, ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სურდა, თუმცა კახა კალაძე მათი გამოჩენისთანავე გაღიზიანდა, აქტივისტს არ მისცეს შეკითხვის დასმის უფლება და მასზე იძალადეს. აქტივისტები შსს-ს სამინისტროს სამხრე კამერების ჩანაწერების ამოღებას სთხოვენ, რომელშიც, მათივე მტკიცებით, ჩანს ის კანონდარღვევა, რომელსაც დედაქალაქის მერი სჩადიოდა.

მათ გამოძიების ობიექტურად ჩატარების იმედი არ აქვთ, თუმცა ეს არის ფორმალობა, რათა დაფიქსირდეს მათი პოზიცია სამართლებრივი მიმართულებით.

„კახი კალაძესთან გვქონდა კითხვები დაუსრულებელ სამუშაოზე. რომელ სკვერშიც იმყოფებოდა, ის ერთხელ უკვე გახსნა შვედეთის ელჩთან ერთად. ახლა მეორეჯერ გახსნა და საერთო ჯამში, 7 თვის წინ უნდა დასრულებულიყო ეს სკვერი. ასევე.წ. კიკვიძის სკვერი, რომელიც ნოემბერში უნდა მორჩენილიყო და დღემდე არ არის დასრულებული. ასევე გვაინტერესებს, დიღმის ჭალებში რატომ დამარხა ტყე - ეს იყო კითხვა, რომლიდან გამომდინარეც კალაძე გახდა არაადეკვატური, თავი ვერ შეიკავა და გადავიდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ერთ-ერთ აქტივისტს ჩამოახია მაისურიც კი“, - აცხადებს მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ბიძინაშვილი.

თბილისის მერთან დაპირისპირებაში მყოფი პიროვნება კახა კვეკვესკირი კი აცხადებს, რომ მას უბრალოდ კითხვის დასმის სურვილი ჰქონდა, რაზეც თბილისის მერმა და მისი დაცვის წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მიაყენეს.

„ბატონო მერო, კითხვა მინდა დაგისვათ-მეთქი და ეგრევე მწვდა მაისურზე. მერე ზონდერბრიგადა რომ ჰყავს - საკრებულოს წევრები მერიაში, სინქრონულად იგივენაირად მოგვექცნენ ყველას, ვინც იქ ვიყავით პროტესტის გამოსახატავად მისული. პირველად დაფიქსირდა ქალაქის ისტორიაში, რომ უშუალოდ ქალაქის პირველი პირი ძალადობს მოქალაქეზე. საჩივარი შევიტანე. თბილისის მერის ეს ამაზრზენი და უზრდელური საქციელი, მოქალაქეზე ზეწოლა და ძალადობა არ უნდა შერჩეს“, - განაცხადა კახა კვეკვესკირმა.

უცნობია გაასაჯაროებს თუ არა შსს მომხდარი ინციდენტის ვიდეოჩანაწერს. უცნობია ისიც, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება. 


close დახურვა